დღევანდელ კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ფინანსური წიგნიერება როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. ფინანსური განათლება, გარდა უბრალო ბიუჯეტირებისა და დაზოგვისა, ადამიანებს უზრუნველყოფს იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც აუცილებელია კომპლექსურ ფინანსური ლანდშაფტზე ნავიგაციისთვის. როდესაც ჩავუღრმავდებით მის მნიშვნელობას, აღმოვაჩენთ, თუ როგორ აყალიბებს ფინანსური წიგნიერება არა მხოლოდ პიროვნულ კეთილდღეობას, არამედ ეკონომიკურ სტაბილურობას უფრო ფართო მასშტაბით.
იმაში უკეთ გასარკვევად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება, ჩვენ გავესაუბრეთ გიორგი ბაქრაძეს. იგი ამჟამად პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩეველია ეკონომიკური საკითხების და თანამშრომლების განვითარების მიმართულებით.
პირველ რიგში, მოდით იმაზე ვისაუბროთ, თუ რას მოიაზრებს ფინანსური განათლება და რა არის მისი მთავარი სარგებელი.
ფინანსური განათლება ეს არის ინსტრუმენტი, გავიგოთ და, რაც მთავარია, გამოვიყენოთ სხვადასხვა ფინანსური უნარი. მათ შორის არის პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, უფრო მაღალ დონეზე — ინვესტირება და ა. შ.
ფინანსური განათლება პირველ რიგში გულისხმობს ისეთი საბაზისო ფინანსური კონცეფციების ცოდნას, როგორებიც არის საპროცენტო განაკვეთები, ინფლაცია, რთული პროცენტი და ა. შ. შემდეგი ეტაპია ის, რასაც ცოტა ადამიანი აკეთებს — ხარჯების მონიტორინგი. ამაშივე შედის ზოგადად დაზოგვის უნარი, როდესაც კონკრეტულად რაღაცისთვის ან გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის ვინახავთ ფულს.
ფინანსური განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ვალის მენეჯმენტი. როდესაც უმეტესობა ჩვენგანს არ აქვს შესაძლებლობა, სასურველი ნივთი პირდაპირ, ერთი ტრანზაქციით შეიძინოს, საჭირო ხდება ვალის აღება, რაც ასევე ფინანსურ განათლებას საჭიროებს — რამდენი შეგვიძლია ავიღოთ, დაფარვის როგორი გრაფიკია ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი…
შემდეგ დონეზე ეს არის ინვესტირება და ფინანსური დაგეგმვა, რაც უმეტეს წილად ეხება ინდივიდებს, რომლებსაც ინვესტირებისთვის საჭირო სახსრები გააჩნიათ. თუმცა ესეც ჩვეულებრივი უნარია, რომლის გამომუშავებაც სასარგებლოა და არ არის აუცილებელი, რომ ყველა უნარი მოცემულ მომენტში იყოს გამოყენებადი.
გარდა ამისა, ფინანსურ განათლებაში არის მომხმარებლის უფლებების, დაცულობის ასპექტი. ახლაც და ყოველთვის იჩენდა თავს სხვადასხვა ტიპის ფინანსური აფერა, ამიტომ ეს სფერო საკმარისად უნდა გვესმოდეს იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებში თავის დაცვა შევძლოთ.
საბოლოოდ, თუ ფინანსური განათლება გაგვაჩნია, შეგვიძლია მივიღოთ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილები, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შევამციროთ ამ სფეროსთან დაკავშირებული სტრესი და ა. შ.
როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ფინანსური განათლების ნაკლებობამ ინდივიდებზე და მთლიანად საზოგადოებაზე?
ფინანსური განათლების ნაკლებობის დროს პირველ რიგში, პრინციპში განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია (მაგრამ არა მხოლოდ), თავს იჩენს ჭარბვალიანობა. ადამიანი, რომელსაც ფინანსებში გარკვეული ცოდნა არ გააჩნია, ხშირად იღებს იმაზე მეტ ვალს, ვიდრე შეუძლია გაუმკლავდეს. ზედმეტი ხარჯვა და ჭარბვალიანობა ალბათ პირველი პრობლემაა.
ამას ემატება ე. წ. ფინანსური ექსპლუატაცია, როდესაც, მაგალითად, ადამიანმა არ იცის, რომ არ შეიძლება დეპოზიტზე თვეში 30%-იანი სარგებელი ირიცხებოდეს. ასეთი ადამიანი კი უფრო მოწყვლადია სხვადასხვა თაღლითური სქემის მიმართ.
კიდევ ერთი და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საკმარისი საპენსიო დანაზოგის არარსებობა. ეს მხოლოდ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევა არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით ცოდნის დაგროვება გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ხანდაზმულობისთვის გარკვეული დანაზოგი შევიქმნათ. შესაძლოა, პენსიაზე გასვლისთვის დაგროვებული თანხა არ იყოს მთლად საკმარისი იმისთვის, რომ კარგად ვიცხოვროთ და ცხოვრების იგივე ხარისხი შევინარჩუნოთ, თუმცა ეს დანაზოგების საერთოდ არარსებობას ნამდვილად სჯობს.
რაც შეეხება საზოგადოებას, კვლევები აჩვენებს, რომ ფინანსური განათლების ნაკლებობა უფრო მეტად ზემოქმედებს დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, რაც უთანასწორობას და სიღარიბის დონეს კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, თუ ჩვენ არ გვყავს ფინანსურად განათლებული საზოგადოება, მათ მიერ მიღებული ფინანსური გადაწყვეტილები შეიძლება უფრო მეტად მცდარი იყოს და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პრობლემებიც იქმნება. რა თქმა უნდა, იზრდება სახელმწიფოს სოციალური ხარჯებიც. ასევე შეიძლება მოიმატოს გაკოტრების შემთხვევებმაც. ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ საცხოვრებლები, იზრდება კრიმინალის დონე და საბოლოოდ ეს მასშტაბურ პრობლემად იქცევა. ცხადია ფინანსური განათლება არ არის საკმარისი ეკონომიკური ზრდისთვის და უთანასწორობის შესამცირებლად, მაგრამ ეს არის ერთგვარი აუცილებელი პირობა, ეს უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ გლობალურ მიზნებს უფრო მარტივად მივაღწიოთ, იქნება ეს ძლიერი ეკონომიკა, ფინანსური სტაბილურობა თუ სხვა.
საბოლოო ჯამში, წმინდა მაკროეკონომიკური და ფინანსური ბაზრის კუთხით, საზოგადოებაში ფინანსური განათლების ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს ფინანსური არასტაბილურობა და ეს ცალკე პრობლემებს ქმნის. ამიტომ ფინანსური განათლება, ფინანსური კონსულტაციის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა რეგულაციებისა და საკანონმდებლო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
თქვენი აზრით, არის თუ არა ინდივიდებისთვის ფინანსური კონცეფციების ადრეული ასაკიდანვე შესწავლა გადამწყვეტი და რატომ?
აბსოლუტურად გადამწყვეტია, რადგან თუ ფინანსებთან სწორი ურთიერთობა ადრეული ასაკიდანვე იწყება, ადამიანს თავიდანვე უყალიბდება გარკვეული ჩვევები და მიდგომები ფულის მიმართ. თუ ადამიანს ბავშვობიდანვე ჩაენერგება სწორი უნარ-ჩვევები, როგორებიც არის, მაგალითად, დაზოგვა, ბიუჯეტირება და პასუხისმგებლობიანი ხარჯვა, უფრო მოსალოდნელია, რომ მისი ფინანსური ცხოვრება, ასე ვთქვათ, მეტად უსაფრთხო იქნება. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც ფულისა და ფინანსების შესახებ გარკვეული ცოდნა ადრეული ასაკიდანვე ჰქონდათ, გაცილებით უკეთ მართავენ საკუთარ ფინანსებს, არ აქვთ ჭარბვალიანობის პრობლემა, იღებენ სწორ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს და ა. შ.
რეალურად ეს ძალიან რთულიც არ არის, რადგან ბავშვს ყოველთვის აქვს რაღაც კუთხით ფულთან ურთიერთობა. მაგალითად, მას მაღაზიაში შესვლისას ყველაფრის ყიდვის სურვილი უჩნდება, მაგრამ მშობელი უმეტესად არჩევანის წინაშე აყენებს. ასეთი სიტუაციები კი მას აძლევს დამატებით შესაძლებლობას, ბავშვს ფინანსური განათლების გარკვეული ელემენტები შეასწავლოს.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფინანსური სისტემა სულ უფრო კომპლექსური ხდება. განსაკუთრებით ჩვენთან, რადგან საქართველოში, როგორც განვითარებად ქვეყანაში, სიახლეები ცოტა დაგვიანებით შემოდის. შესაბამისად, თუ ბავშვებს თავიდანვე ავუხსნით ფინანსური განათლების საფუძვლებს, მათთვის უფრო მარტივი იქნება ახალი ინსტრუმენტების ათვისება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ფინანსური წიგნიერება ადამიანს ზოგადად გარკვეული კრიტიკული ანალიზის უნარსაც უყალიბებს. რეალურად, ფინანსური განათლება არის ფუნდამენტური უნარი რომელიც, ალბათ, რაც შეიძლება ადრე უნდა ისწავლებოდეს.
რა პოტენციური გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს ფინანსური განათლების სასკოლო სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებას?
ფინანსური განათლების სასკოლო სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება განაპირობებს იმას, რომ ბავშვები თავიდანვე ემზადებიან ფინანსურ სამყაროში ცხოვრებისთვის, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეუფლებიან გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ფინანსების უკეთ მართვაში ეხმარება. ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან თუ იცი, როგორ მართავ ფულს, ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული სტრესი უფრო ნაკლებად გაწუხებს. შესაბამისად, კეთილდღეობა (არა მარტო ფინანსური) იზრდება. ამასაც კვლები აჩვენებს — ის ადამიანები, რომლებიც ფინანსური განათლების გარკვეულ ელემენტებს სკოლაში ეუფლებოდნენ, უფრო სწორად ირჩევენ კარიერას, რომელიც დაკავშირებულია მათ მომავალ ცხოვრებასთან და შემოსავლებთან.
როგორ შეაფასებდით საქართველოში ფინანსური წიგნიერების დონეს? რა არის ამ კუთხით ქვეყნის ამჟამინდელი გამოწვევები და როგორ შეიძლება მათი გადალახვა?
ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა ამაში, მაგრამ ფინანსური წიგნიერება ჩვენთან, მოდით ასე ვთქვათ, უკეთესიც შეიძლებოდა. ეს მხოლოდ ახალგაზრდებს არ ეხება. 35 წელი არ გასულა, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და რეალურად, ფინანსური განათლება საბჭოთა კავშირში არანაირ როლს არ თამაშობდა. ეს კარგად გამოჩნდა 90-იან წლებში, როდესაც უამრავმა თაღლითურმა ბანკმა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა შეძლო. ამიტომ ჩვენთან ყველა თაობაში არსებობს ფინანსური განათლების ნაკლებობის პრობლემა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ კუთხით ახალგაზრდები უფრო მეტად განათლებულები არიან. თუმცა ხალხი ჯერ კიდევ საკმაოდ მარტივად ეხვევა თაღლითურ სქემებში და ამის მასშტაბური შემთხვევებიც იყო ახლო წარსულში. შესაბამისად, ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად გვჭირდება, რაც ქვედა დონეზე უნდა დაიწყოს — მნიშვნელოვანია სასკოლო კურიკულუმებში ფინანსური განათლების ელემენტების შეტანა. ამასთან, საჭიროა კომპლექსური მიდგომა — უნდა არსებობდეს შესაბამისი ვებგვერდები, სამსახურები, რომლებიც ადამიანებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, რამდენად მასშტაბურ მნიშვნელობას ატარებს ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება?
ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური ინკლუზიურობა — დღესდღეობით ვერ ვიტყვით, რომ საბანკო მომსახურებაზე მთელ მოსახლეობას თანაბარი წვდომა გააჩნია. აუცილებელია, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები მოიცავდეს მთელ ქვეყანას, ყველა რეგიონს და არა მხოლოდ მსხვილ ქალაქებს. ასევე თავისთავად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და განვითარება, მომხმარებლების უფლებების დაცვა. ჩვენ, როგორც მცირე ეკონომიკა, ძალიან მოწყვლადები ვართ საგარეო შოკების მიმართ და პრინციპში ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუდამ გარკვეული შოკები იჩენს თავს. შესაბამისად, თუ ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე გაიზრდება, ასეთი მოვლენებისთვის უფრო მზად ვიქნებით.
როდესაც ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი მაშინაც ასე მივიჩნევდი და ახლაც ვეთანხმები იდეას, რომ ადამიანმა უნდა აიღოს სესხი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვს, რადგან კურსის მერყეობა გადახდისუნარიანობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. პრინციპში ესეც ფინანსური განათლების ნაწილია. თუმცა ინდივიდებისთვის მოკლევადიანი პლუსები, როგორიც არის უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, წონის გრძელვადიან მინუსებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია და გამოცდილებაც ამას გვიჩვენებს.
კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი — ჩვენ დანაზოგის დონით არ გამოვირჩევით, ქართველები არ ვართ დამზოგველი ერი. ეს თავისთავად არ არის კარგი ან ცუდი, უბრალოდ ასეთები ვართ, მაგრამ ქვეყნისთვის დანაზოგის დონე მნიშვნელოვანია. ეკონომიკური ზრდისთვის საკვანძოა დანაზოგი, რომლის ინვესტირებაც ხდება შემდგომში. ამიტომ, ფინანსური განათლების ამაღლება ინდივიდებისთვის მეტის დაზოგვისა და ინვესტირების სტიმულის მიცემასაც ნიშნავს, რაც, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად აისახება.
რომელმა ინსტიტუტებმა უნდა შეასრულონ მთავარი როლი ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში?
ამ კუთხით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ ფინანსური განათლება სასკოლო კურიკულუმის ნაწილი უნდა იყოს, ეს ხაზს უსვამს ამ საკითხში განათლების სამინისტროს როლს. თუმცა ფინანსური სასკოლო პროგრამის შინაარსობრივი ნაწილის ჩამოყალიბებაში უნდა ჩაერთოს, მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების როლიც, რადგან მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი კლიენტების ფინანსური წიგნიერების ამაღლებაში ონლაინ რესურსებით, სემინარებით და ა. შ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც შეიძლება ზემოთ ხსენებულ ინსტიტუტებს ამ საქმეში დაეხმარონ.
ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მედიისა და სოციალური ქსელების როლიც, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. რეალურად ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგალითად, კამპანიების შექმნა, რაც ეროვნულ ბანკს აქვს — „მსოფლიო დაზოგვის დღე“, „finedu“ და ა. შ. საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა, რომლის ფარგლებშიც ყველა უწყებას თავისი როლი ექნება.
ფინანსური განათლების კუთხით როგორი პრაქტიკა არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და როგორ შეგვიძლია მათი წარმატებული მოდელების გამოყენება?
განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ ბევრი სხვადასხვა მიდგომაა. მაგალითად, სკოლაში ფინანსური განათლების დანერგვაზე რომ ვისაუბრეთ, ამერიკაში ბევრ შტატში მოქმედებს სავალდებულო ფინანსური განათლება, რაც გულისხმობს სკოლებში ბიუჯეტირების, დაზოგვის, სესხის აღებისა და ინვესტირების სწავლებას. დიდ ბრიტანეთში არსებობს ეროვნული სტრატეგია — მის ფარგლებში მოქმედებს Money Advice Service და Financial Education Partnership, რომლებიც ზრუნავენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ფინანსური განათლების ამაღლებაზე.
ავსტრალიაში ფუნქციონირებს Australian Securities and Investments Commission (ASIC), რომელიც ხელმძღვანელობს ფინანსური წიგნიერების ეროვნულ პროგრამას სახელწოდებით MoneySmart. ეს უკანასკნელი ინდივიდებს, ოჯახებს, ბიზნესებს სთავაზობს უფასო ფინანსურ რესურსებსა და ინსტრუმენტებს.
ჩვენთან ასევე შეიძლება დაინერგოს თარგეთირებული ფინანსური განათლების მიმართულება, მაგალითად, პენსიონერებისთვის. კანადაში მოქმედებს Financial Consumer Agency of Canada (FCAC), რომელიც თარგეთირებულ ფინანსურ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს კონკრეტულ ჯგუფებს, ხანდაზმულ ადამიანებს.
ნიდერლანდებში ფუნქციონირებს საბიუჯეტო ინფორმაციების ინსტიტუტი — Nibud, რომელიც ფინანსურ კონსულტაციებს და განათლებას სთავაზობს დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებს.
ფინანსური განათლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები, მათ შორის ციფრული ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით სინგაპურს აქვს MoneySense პროგრამა, რომელიც საზოგადოებაში ფინანსური განათლების გავრცელებისთვის იყენებს მრავალფეროვან ციფრულ არხებს, მათ შორის ვებგვერდებს, მობილურ აპლიკაციებს და სოციალურ მედიას.
საქართველოში ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ციფრული არხი ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამასთან საკვანძო საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური რეგულაციები, რასაც ჩვენთან პრინციპში ეროვნული ბანკი უკვე აკეთებს.
ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკები საქართველოში პარალელურად უნდა იქნას ათვისებული იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარება მრავალი მიმართულებით დაიწყოს და პროცესები სწრაფად განვითარდეს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფინანსურად განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებით ჩვენ გზას ვუხსნით ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას. სწორი ცოდნით აღჭურვილ პირებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები, შეამცირონ რისკები და გამოიყენონ შესაძლებლობები, რაც გრძელვადიან კეთილდღეობას განაპირობებს. ფინანსურ განათლებაში ინვესტირება, შესაბამისად, არის ინვესტირება მომავალში, რომელიც გვპირდება უფრო უსაფრთხო, ინფორმირებულ და ფინანსურად გამძლე საზოგადოებას.
ავტორი: გიორგი ბელქანია