თუ ინგლისურენოვან ფინანსურ მედიას საკმარისად ხშირად ეცნობით, სავარაუდოდ, ადრეც შეგხვედრიათ ერთი საინტერესო ტერმინი — „falling knife” („ვარდნაში მყოფი დანა“). ის აღწერს გარკვეული სახის აქციებს, რომლებიც სჯობს, ინვესტორებმა თავიდან აიცილონ.
ზუსტად რას ნიშნავს „Falling Knife”?
„Falling knife” არის აქცია, რომლის ფასიც ეცემა და ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მომავალში ის კიდევ უფრო შემცირდება. როგორც ტერმინი გვკარნახობს, „falling knife” სახიფათოა, რადგან ასეთ აქციას შეუძლია, დააზარალოს იმ ინვესტორების მოგება, რომლებიც მას ვარდნის პერიოდში ყიდულობენ.
როგორ უნდა ამოვიცნოთ „Falling Knife”?
ინვესტორები რეგულარულად იყენებენ ტერმინს „falling knife”, მაგრამ არ არსებობს უტყუარი მეთოდი იმ აქციების იდენტიფიცირებისთვის, რომელთა ფასიც ფსკერისკენ მიემართება. თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტულმა აქციამ შეიძლება დაღმავალი მიმართულება შეინარჩუნოს.
ბიზნეს მოდელი ფუნდამენტურად მოშლილი ან არამდგრადი ჩანს. აქციების ფასის ვარდნა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა „falling knife”-ის შემთხვევაში სავარაუდოა, რომ დაღმავალი ტენდენცია გაგრძელდება, თუ კომპანია ინვესტორების მოლოდინების გამართლებას ვერ შეძლებს.
არსებობს დარღვევების ნიშნები, როგორიც არის, მაგალითად, საბუღალტრო სკანდალი. ამის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის დაყოვნებას ან უმაღლესი რგოლის აღმასრულებლების, მაგალითად, ფინანსური დირექტორის, მოულოდნელ გადადგომას.
რეგულარულად ცუდი წარმადობა. ეს შეიძლება გულისხმობდეს კომპანიას, რომელიც მუდამ ჩამორჩება საკუთარი მენეჯმენტის პროგნოზებს და მმართველი გუნდი ვერ ახერხებს ზუსტად განსაზღვროს თავისი ბიზნესის წარმადობა გარე წინაღობების ან შიდა გამოწვევების გამო.
შეფასებამ ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ძვირადღირებული აქცია შეიძლება ადვილად გახდეს „falling knife” მოლოდინების ვერ გამართლების ან მომავლისთვის სუსტი პროგნოზების გამოქვეყნების გამო.
საბოლოო ჯამში, კონკრეტული აქციისთვის „falling knife”-ის დარქმევა ხშირად სუბიექტური საკითხია. თუმცა არსებობს ინდიკატორები, რომლებიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ამოიცნოს ასეთი აქციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, როგორც ჩანს, უარესი ამბები ჯერ კიდევ წინ არის.
შეიძლება „Falling Knife” ყიდვის ხელსაყრელ შესაძლებლობად იქცეს?
„Falling knife” მუდმივი მდგომარეობა არ არის — ის შეიძლება შეიცვალოს აქციების წარმადობაზე, ბაზრის საერთო მიმართულებასა და ბიზნეს პირობებზე დაყრდნობით.
ისევე, როგორც არ არსებობს ზუსტი მეთოდი იმის დასადგენად, არის თუ არა კონკრეტული აქცია მოცემულ მომენტში „falling knife”, ზუსტად ვერც იმას გავიგებთ, როდის აღარ არის ის „ბასრი დასაჭერად“.
ერთი მაგალითია, როდესაც აქციების ფასი იზრდება მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომშვები კომპანია სუსტ კვარტალურ შედეგებს ან სხვა სახის ნეგატიურ სიახლეს აქვეყნებს. ეს იმის ნიშანია, რომ მანამდე ინვესტორებმა უკვე გაყიდეს დიდი მოცულობის აქციები, ფასიც საკმარისად შემცირდა და ამ ნეგატიურ შედეგებს უკვე ასახავს.
ბიზნესის ფუნდამენტურმა გაუმჯობესებამ, ცვლილებებმა მმართველ გუნდში ან თუნდაც მაკრო დონის სიახლეებმა ასევე შეიძლება „falling knife” ყიდვის ხელსაყრელ შესაძლებლობად აქციოს.