„70-ის წესი“ გამოიყენება იმ დროის გამოსათვლელად, რომელიც ინვესტიციის ან პორტფელის ღირებულების გაორმაგებისთვის არის საჭირო თანმიმდევრული ანაზღაურების ტემპის პირობებში. გაანგარიშება ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი სხვადასხვა ინვესტიციების შესადარებლად, რომლებსაც განსხვავებული წლიური ანაზღაურება ახასიათებს.
„70-ის წესის“ ფორმულა
- განსაზღვრეთ ინვესტიციის ან ცვლადის წლიური ანაზღაურება ან ზრდის ტემპი.
- გაყავით 70 ზრდის წლიურ ტემპზე ან ანაზღაურებაზე.
ინვესტიციის გასაორმაგებლად საჭირო წლების რაოდენობა = 70/წლიური ანაზღაურება
რას გვეუბნება „70-ის წესი“?
„70-ის წესი“ ინვესტორებს ეხმარება, ინვესტიციის მომავალი ღირებულება განსაზღვრონ. მიუხედავად იმისა, რომ უხეშ შეფასებად არის მიჩნეული, წესს შეუძლია დაგვეხმაროს წლების რაოდენობის გამოთვლაში, რომელიც ინვესტიციის გასაორმაგებლად არის საჭირო.
თუ ფორმულის საბოლოო პასუხია 15, ხოლო ინვესტორს სურს, ინვესტირებული ფული 10 წელიწადში გააორმაგოს, მას შეუძლია საინვესტიციო პორტფელში ცვლილებები განახორციელოს, რათა ანაზღაურების გაზრდას და მიზნის მიღწევას შეეცადოს.
„70-ის წესის“ გამოყენების მაგალითები
- 3%-იანი ზრდის ტემპის პირობებში, პორტფელის ღირებულება 23.33 წელიწადში გაორმაგდება, რადგან 70/3 = 23.33.
- 8%-იანი ზრდის ტემპის შემთხვევაში, გასაორმაგებლად 8.75 წელიწადი იქნება საჭირო, რადგან 70/8 = 8.75.
- 12% ზრდის ტემპის პირობებში კი, პორტფელის ღირებულება 5.8 წელიწადში გაორმაგდება, რადგან 70/12 = 5.8.
აღსანიშნავია, რომ „70-ის წესი“ უფრო ზუსტია წლიური განაკვეთებისთვის, რომლებიც 0.5%-10%-ის დიაპაზონშია მოქცეული და ნაკლებად ზუსტია მის მიღმა არსებული მაჩვენებლებისთვის.
„70-ის წესი“ vs რეალური ზრდა
წესი აფასებს ინვესტიციებს, მაგრამ ის შეიძლება სხვა ეკონომიკური ფაქტორებისთვისაც გამოვიყენოთ, როგორებიც არის მოსახლეობის ზრდა ან მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ). „70-ის წესი“ არის შეფასება, რომელიც პროგნოზირებულ ზრდას ეფუძნება. თუ მომავალი ზრდის ტემპი მერყევი იქნება, თავდაპირველი გაანგარიშება არასწორი გამოვა.
მაგალითად, 2024 წლის მაისის მონაცემებით, შეერთებული შტატების მოსახლეობა დაახლოებით 342 მილიონს აღწევს. 1955 წელს ის 172 მილიონს შეადგენდა და, მოსახლეობის რეალური რაოდენობისა და ზრდის ტემპების საფუძველზე, მოსალოდნელი იყო ამ მაჩვენებლის 2025 წლისთვის გაორმაგება. 1955 წელს აშშ-ში მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.57%-ს შეადგენდა. თუ მისი გაორმაგების პროგნოზირებისთვის, „70-ის წესს“ გამოვიყენებდით, გამოვიდოდა, რომ აშშ-ის მოსახლეობის რაოდენობა 1999 წლისთვის უნდა გაორმაგებულიყო.