ინვესტირება ძალიან სერიოზული ბიზნესია. თუ სწორ აქციებს შეიძენთ, მიღებული შემოსავლით შეგიძლიათ სახლის, თქვენი პენსიის ან შვილის განათლების საფასური გადაიხადოთ. ინვესტირებამ შეიძლება მილიონერად გაქციოთ, მაგრამ ფულზე გამუდმებით ფიქრი სტრესს იწვევს. თუ საკუთარ ინვესტიციებზე ბევრს ინერვიულებთ, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწიოთ.
აქ მოცემულია ოთხი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენოთ საფონდო ბირჟის შანსები თქვენს სასარგებლოდ.
- დარჩით ბაზარზე და თქვენს ინვესტიციებს ზრდისთვის დრო მიეცით
ფულის სწრაფად გამომუშავების სურვილით ბევრი ინვესტორი ძალიან კონკურენტუნარიანი ხდება. ერთ-ერთი შეცდომა, რომელსაც ადრეულ ეტაპზე ბევრი ადამიანი უშვებს, პორტფელის აქტიური მართვა, აქციების ყიდვა გაყიდვაა. ბირჟაზე დღიურად მოვაჭრეების უმეტესობა აღმოაჩენს, რომ მათი წარმადობა, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალო დონისაა.
პარადოქსულია, მაგრამ თუ თქვენ საფონდო ბირჟას ამდენ ყურადღებას აღარ მიაქცევთ, სიმდიდრის დაგროვებას უფრო ეფექტურად დაიწყებთ. არ არის საჭირო თქვენი აქციების მიკრო-მენეჯმენტი.
- დაივიწყეთ ფული
შესანიშნავი ინვესტიციები შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ძალიან არასტაბილური იყოს. როდესაც თქვენ დიდი შესაძლებლობის მქონე აქციებს ყიდულობთ, თქვენი პორტფელი ერთ დღეში შეიძლება ათასობით დოლარით შემცირდეს. თუ ამის გამო შიში გძლევთ, შეიძლება თქვენი ფული ბაზრიდან ყველაზე ცუდ დროს ამოიღოთ. საფონდო ბირჟაზე ადამიანები ფულს სწორედ ასე კარგავენ.
დაფიქრდით: ბაზრის ცუდ დღეებში მილიარდერები მილიონობით დოლარს კარგავენ. ასეთი დანაკარგებისგან დაზღვეული არავინ არის. მოკლევადიან პერიოდში აქციების ფასმა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით იმოძრაოს და ისინი, ვისი სიმდიდრეც ბაზარზეა მიბმული, ამ მოძრაობების გავლენას მუდმივად გრძნობენ.
ბევრი ადამიანი სიხარბეს ნებდება და ფულს მოკლევადიანი მცირე მოგების მიღებისთანავე იღებს. ან მოკლევადიანი ფულის დაკარგვისას, უფრო მეტის დაკარგვის შიშით ნებდება.
თუმცა, თუ ამ იმპულსებს დაემორჩილებით, ბირჟაზე, თითქმის ყოველთვის, დრამატულად დამარცხდებით. ასეთი ნაბიჯებით, თქვენ ხელიდან გაუშვებთ იმ მოგებას, რომელიც მომგებიანი აქციების გარკვეული ვადით შენარჩუნებით შეიძლებოდა მიგეღოთ.
- გამარჯვებულები შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში დამარცხებულებად გამოიყურებოდნენ
ასეთი მდგომარეობა შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ კომპანიები, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან, ხშირად გამარჯვებულები გამოდიან. ის ინვესტორები, ვინც Amazon-ის აქციებს ფლობს და მთელ მის არასტაბილურობას უმკლავდება, საბოლოოდ სიმდიდრით ჯილდოვდება. მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია ვიდრე გაკეთება. Amazon-ს რამდენიმე 50%-იანი და ერთი საშინელი – 90%-იანი ვარდნა ჰქონდა.
ამაზონი არ იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც ისტორიის მანძილზე ამ მასშტაბის ვარდნა განიცადა. ბევრი ინტერნეტ კომპანიის აქციას მიადგა მსგავსი ზარალი და მათმა დიდმა ნაწილმა ამის გადატანა ვერ შეძლო. ამაზონის შემთხვევაში კი დრამატული ვარდნები და აღმასვლები დროთა განმავლობაში შემცირდა და საბოლოოდ კომპანიამ ინვესტორებს დიდი მოგება მოუტანა.
- ერთი ან ორი წარმატებული ინვესტიცია გაგამდიდრებთ
აქციების შერჩევაში მთავარი სირთულე ის არის, რომ თქვენ წინასწარ არ იცით რომელი მათგანი იქნება წარმატებული ან წამგებიანი. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება კარგი ან ცუდი შეგრძნებები გქონდეთ, მაგრამ სიმდიდრის დაგროვების ნამდვილი საშუალება ის არის, რა შედეგსაც თქვენი აქციები ათწლეულების განმავლობაში მოიტანს.
იმისთვის, რომ წარმატებული ინვესტორი იყოთ, საკუთარ თავზე გონივრული რისკი უნდა აიღოთ. მართლაც, ყოველი საფონდო ინვესტიცია რისკია, რადგან არსებობს ფულის დაკარგვის საშიშროება. უნდა იყოთ მომთმენი და თქვენს ინვესტიციას ზრდის საშუალება მისცეთ. გარისკვა და მოთმინება, როგორც წესი, არ არის ის დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც ერთად მოდის. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ბუნებრივად გექნებათ, მეორეზე კი შესაძლოა მუშაობა მოგიწიოთ.
100%-იანი კლების ანაზღაურებისთვის არ არის საჭირო ბევრი 10 000%-იანი, 25 000%-იანი ან 100 000%-იანი შემოსავლის მქონე აქციის ფლობა. იპოვეთ ერთი ან ორი მომგებიანი აქცია, რომელიც თქვენი, როგორც ინვესტორის, წარმატებას განსაზღვრავს.
გაკვეთილი აშკარაა: თუ საოცარ აქციას იპოვით, შეინარჩუნეთ.
ინვესტირება ძალიან სერიოზული ბიზნესია
ინვესტიციის ყველაზე რთული გამოწვევა ის არის, რომ თქვენს აქციებზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება შეიძლება ისეთივე საზიანო იყოს, როგორც არასაკმარისი ყურადღება. თუ თქვენ ფოკუსირდებით იმ კომპანიებზე, რომელშიც ინვესტიცია ჩადეთ და მათი ბიზნესის მუშაობას დააკვირდებით, დროთა განმავლობაში დაჯილდოვდებით.