არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კარიერულ საფეხურზე იმყოფებით, წინსვლა და განვითარება მუდამ სასურველია. თქვენი მიზნები, შესაძლოა, ფინანსურადაც იყოს მოტივირებული. გასაგებად რომ ვთქვათ, ცუდი არაფერია ხელფასის ზრდის ძიებაში. თქვენი ანაზღაურების გაზრდა საშუალებას მოგცემთ უფრო მეტი დაზოგოთ, გადაიხადოთ დავალიანება ან სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ მიზნებს მიაღწიოთ.
თუმცა თუ თქვენი მიზანი დაწინაურება და უფრო მაღალი ანაზღაურების მოპოვებაა, სავარაუდოდ, სამუშაო უნარების ამაღლებაზე მუშაობა დაგჭირდებათ. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმ სპეციფიკური უნარების გამომუშავებას, რომელიც კონკრეტული სამუშაოსთვის გჭირდებათ.
არსებობს გარკვეული ზოგადი სამუშაო უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევას ნებისმიერ სფეროში გაგიადვილებთ. ამ სტატიაში კი სამ ასეთ უნარს განვიხილავთ.
- კომუნიკაცია
კომუნიკაციის უნარი ყველასთვის ბუნებრივი არ არის, მაგრამ რაც უფრო ბევრს იმუშავებთ იმაზე, რომ ძლიერი კომუნიკატორი იყოთ, თქვენი სამუშაოს კარგად შესრულების შანსებიც მით უფრო გაიზრდება.
ეს შეიძლება ნიშნავდეს ელექტრონული ფოსტის დეტალურად, მაგრამ ლაკონიურად შედგენას ან საჯარო გამოსვლის უნარების დაუფლებას. რა თქმა უნდა, ძლიერ კომუნიკატორად ქცევის დიდი ნაწილი ნდობის ჩამოყალიბებაა. ამ მიზნით, შეიძლება, დაგჭირდეთ საჯარო გამოსვლების კურსის გავლა ან მენეჯერთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის სხვა ისეთი გზების მოძებნა, რომელიც თავს უფრო თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ.
- დეტალებზე ყურადღების გამახვილება
შესაძლოა კომპანიაში ყველაზე შრომისმოყვარე თანამშრომელი იყოთ, მაგრამ თუ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო დაუდევარია, ეს თქვენზე ცუდად აისახება.
ამიტომ, მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირებული იყოთ. ეს თქვენს პრეზენტაციებსა და მოხსენებებს უფრო ხარისხიანს გახდის. გამოიმუშავეთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშოს კორექტირების ჩვევა და სცადეთ თვითრედაქტირების სხვადასხვა ტაქტიკა. ეს შეიძლება იყოს ელექტრონული წერილების ხმამაღლა წაკითხვა გაგზავნამდე ან თქვენი საპრეზენტაციო რეპეტიციის ფირზე ჩაწერა, რაც შეცდომების აღმოჩენაში და პრეზენტაციის დახვეწაში დაგეხმარებათ.
- დროის მენეჯმენტი
დღესდღეობით თანამშრომლები დამსაქმებლისგან სულ უფრო მეტად მოელიან მრავალ დავალებას (“მულტი თასქინგს”). ასეთ პირობებში თქვენ ნამდვილად გჭირდებათ დროის მართვის კარგი უნარი.
დროის მენეჯმენტის დიდი ნაწილი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა. ეს შეიძლება ნიშნავდეს სიების შედგენას, განრიგის შექმნას ან დიდი პროექტების შესასრულებლად უკეთესი სისტემის პოვნას.
არსებობს მრავალი აპლიკაცია, რომელიც შესასრულებელი სამუშაოს დღის მანძილზე გადანაწილებაში და დროის ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ.
მიუხედავად იმისა, სულ ახლახან გახდით სამუშაო ძალის ნაწილი, თუ თქვენს უკან უკვე მრავალწლიანი კარიერაა, კვალიფიკაციის ამაღლება ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან დრო გადის, სამყარო კი ძალიან სწრაფად იცვლება. სასურველი ადგილის დასამკვიდრებლად კი საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარების წყურვილი აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხართ და რომელ ინდუსტრიაში მოღვაწეობთ, ამ სტატიაში მოცემულ საბაზისო ელემენტებზე მუშაობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.