Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – უორენ ბაფეტმა ინვესტირება 1941 წელს – 11 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ, ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ინვესტორი გახდა.
ბავშვიც და ზრდასრული ადამიანიც ცდილობს მიბაძოს მისთვის სამაგალითო ადამიანს იმ იმედით, რომ სულ უფრო მეტად დაემსგავსება მას. კლაივ სტეპლზ ლუისი (ინგლისელი მწერალი) წერდა, რომ ძალიან ხშირად, ერთადერთი გზა რაიმე თვისების მისაღებად არის ისე მოქცევა, თითქოს ის უკვე თქვენია. სწორედ ამიტომ არის ბავშვური თამაშები ასეთი მნიშვნელოვანი.
ადამიანებს ინვესტირებაში ქვემოთ მოცემული სამი თვისება დაეხმარება.
- ნუ შეგაწუხებთ ის ფაქტი, რომ შეცდით ან რაიმე გამოტოვეთ
რაიმეს გამოტოვების შიში (FOMO) არის ემოცია, რომელიც, შეიძლება, ინვესტორისთვის დამანგრეველი იყოს.
ბაფეტი ალბათ პლანეტაზე ყველაზე ანტი-FOMO ინვესტორია. მასების აყოლის ნაცვლად, ის თავდაჯერებულად აგრძელებს ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებას და მის თანმდევ კრიტიკას უმკლავდება. შეიძლება რთული იყოს თქვენი რწმენის შენარჩუნება მაშინ, როდესაც სხვა უფრო წინდაუხედავი სტრატეგიები თქვენს წარმადობას ჯობნის.
მაგალითად, უორენ ბაფეტი ალბათ არ იყო ძალიან ბედნიერი, როდესაც მისი საინვესტიციო პორტფელი 2019 წელს მხოლოდ 11%-ით გაიზარდა, S&P 500 კი – 31.5%-ით. 2020 წელს ბაფეტის ინვესტიციები 2.4%-ით გაიზარდა, S&P 500-ის წარმადობამ მას კვლავ აჯობა და 18.4%-იანი ზრდა დააფიქსირა. Peloton Interactive-ის მსგავსი კომპანიების აქციების 400%-ზე მეტით ზრდა, შეიძლება, მისთვის არაფერს ნიშნავდა. მაგრამ ბაფეტი და თავისი გუნდის წევრები არ გახდნენ FOMO-ს მსხვერპლი და მიჰყვნენ თავიანთ საინვესტიციო გეგმას.
2021 წლის 1 იანვრიდან Berkshire Hathaway-ის აქციების ფასი 50%-ზე მეტით გაიზარდა, Peloton-მა კი ღირებულების 80% დაკარგა და 2020 წლის მოგება მთლიანად გააბათილა. ბაფეტი ორიენტირებულია გრძელვადიან პერსპექტივაზე და სპეკულაციური ინვესტიციებით არ ინტერესდება.
- იშრომეთ გულმოდგინედ
ბაფეტი განთქმულია იმით, რომ ღირებულების ძებნის მიზნით წიგნებს, პუბლიკაციებს და გაზეთებს ხშირად კითხულობს. უორენ ბაფეტი 91 წლისაა და კვლავ მართავს Berkshire Hathaway-ის. მისი მარჯვენა ხელი და მთელი ცხოვრების მეგობარი – ჩარლი მანგერი 98 წლისაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება კომპანიების შესწავლას უნდა დაუთმოთ ან 90 წლის ასაკში უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული ინვესტორი გახდეთ. ეს ფაქტები უბრალოდ ცხადყოფს იმას, რომ ბაფეტს უყვარს თავისი საქმე.
თუ კომპანიების საქმიანობის თვალყურის დევნება, მოგების ანგარიშების მოსმენა, სტატიების კითხვა და საკუთარი კვლევის ჩატარება თქვენთვის სასიამოვნო არ არის, უმჯობესია ინვესტიცია უბრალოდ საინდექსო ფონდებში ჩადოთ. მაგრამ თუ გულმოდგინედ შრომას აპირებთ, ინდივიდუალურ აქციებში ინვესტირებას აქვს პოტენციალი, რომ დიდი მოგება მოგიტანოთ.
- გამოიჩინეთ მოთმინება და დისციპლინა
ყველაზე კარგი ინვესტორი არ არის ის, ვინც საუკეთესო აქციებს ირჩევს, არამედ არის ის, ვინც საკმაოდ კარგ აქციებს ირჩევს და ყოფნის მოთმინება, რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს. უორენ ბაფეტის მფლობელობაში არსებული არცერთი აქცია არ არის ექსტრაორდინარული, ისინი საკმაოდ ჩვეულებრივია.
Berkshire Hathaway-ის ტოპ 10 მფლობელობა თანმიმდევრობით ასეთია:
- Apple
- Bank Of America
- American Express
- Coca-Cola
- Kraft Heinz
- Moody’s
- US Bancorp
- Verizon Communications
- Occidental Petroleum
- Chevron
თითოეული ეს კომპანია არის თავის სექტორში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე. ის რაც ბაფეტს დიდ ინვესტორად აქცევს, არის მოთმინება და დისციპლინა, რომ შეიძინოს მეტი პოზიცია იმ კომპანიაში, რომლისაც მას სჯერა და გაყიდოს იმ კომპანიის წილი, რომლის წარმატების იმედი არ აქვს.
უორენ ბაფეტი შეცდომებს გამუდმებით უშვებს. ზოგიერთი მის ყველაზე გამორჩეულ შეცდომაში შედის ის, რომ მას არასდროს შეუძენია Walmart-ის წილი, Walt Disney-ის აქციები ძალიან მალე გაყიდა და ავიაკომპანიის აქციები მაშინ გაყიდა, როცა მათი ფასი 2020 წლის მინიმუმთან იყო ახლოს. გარდა ამისა, ის თავის საუკეთესო იდეებსაც მიჰყვება. ბაფეტმა წლების განმავლობაში Apple-ის სულ უფრო მეტი აქცია შეიძინა და ასევე, Berkshire Hathaway-ის აქციები გამოისყიდა.
ამ საკითხს მარტივად შეხედეთ
ალბათ უკვე შენიშნეთ, რომ წარმატებული ინვესტორობისთვის რაიმე ზეადამიანური უნარები არ არის საჭირო. უბრალოდ სწავლის, მოთმინებისა და თქვენი გეგმის მიყოლის სურვილთან ერთად გჭირდებათ, რომ დროს თქვენს სასარგებლოდ მოქმედების ნება დართოთ.