დივიდენდური აქციების მეშვეობით პასიური შემოსავლის კვარტალური ნაკადის შექმნა მრავალი ინვესტორის ოცნებაა, მაგრამ ბევრ მათგანს არასწორი მიდგომა აქვს. არ უნდა ველოდოთ, რომ უზარმაზარ პასიურ შემოსავალს ერთ დღეში გამოვიმუშავებთ. აუცილებელია, დივიდენდური აქციების დასაგროვებლად, ვიქონიოთ სწორი სტრატეგია რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური იქნება.
მოდით, განვიხილოთ პასიური შემოსავლის სამი საიდუმლო, რათა დივიდენდების ნაკადი გავაძლიეროთ და დავრწმუნდეთ, რომ ის არ დაიშლება.
- აუცილებელი არ არის დივიდენდების ახლავე მიღება
პასიური შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო არის ის, რომ, თუ უფრო დიდი თანხის გამომუშავება გსურთ, აუცილებელი არ არის რეალურად მიიღოთ დივიდენდები ნაღდი ფულის სახით. დივიდენდის რეინვესტირების გეგმის (DRIP) შექმნით, შეგიძლიათ თქვენი საინვესტიციო პორტფელი გაზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გექნებათ უფრო მეტი აქცია, რომელიც დივიდენდურ შემოსავალს გამოიმუშავებს.
მოდით, განვიხილოთ ფარმაცევტული კომპანიის – AbbVie-ს მაგალითი, რათა თვალსაჩინოდ დავინახოთ, თუ როგორ შეუძლია დივიდენდების რეინვესტირებას თქვენი შემოსავლების გაზრდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, AbbVie-ის მთლიანმა ანაზღაურებამ 96,5% შეადგინა. თუმცა, მისი აქციების ფასი მხოლოდ 61%-ზე ოდნავ მეტით გაიზარდა. ამავე პერიოდში, კომპანიამ დივიდენდები, მედიკამენტების მუდმივად მზარდი პორტფელის მომგებიანი გაყიდვების წყალობით, 120%-ით გაზარდა.
აქციების მთლიანი ანაზღაურება ასახავს დივიდენდის გადახდის გავლენას, ისევე როგორც აქციების ფასის ზრდას, ასე რომ, ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენს გამოიმუშავებდით, თუ რეინვესტირებას მიმართავდით. ამიტომ, თუ თქვენ აიღებთ დივიდენდებს და მათ დახარჯავთ, გაცილებით ნაკლები ფული გექნებათ, ვიდრე DRIP-ის გამოყენების შემთხვევაში.
ასე რომ, როდესაც პასიური შემოსავლის შესახებ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, თუ როდის გსურთ ფულის დახარჯვა. რაც უფრო დიდხანს შეძლებთ ხარჯების გადადებას და რეინვესტირებას, მით უფრო დიდი იქნება თქვენი შემოსავალი.
- ბაზრის დამარცხებაზე ფიქრი საჭირო არ არის
ყველა საუბრობს იმაზე, რომ თავისი საინვესტიციო პორტფელით ბაზარს აჯობებს და ბევრი ინფორმაცია შეგხვდებათ იმის შესახებ, თუ რომელი აქციების ფასების ზრდა გადააჭარბებს ბაზრის გრძელვადიან საშუალო წლიურ წარმადობას, რომელიც დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
მაგრამ, თქვენთვის, როგორც პასიურ შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორისთვის, მიზანი ბაზრის დამარცხება არ უნდა იყოს. მიზეზი: თქვენ ინვესტიცია ჩადებული გაქვთ ნაღდი ფულის ნაკადისთვის და არა აქციების ფასის ანაზღაურებისთვის. სანამ ფულადი ნაკადები იმავე ტემპით მოედინება, დანარჩენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
კომპანიები, რომლებსაც ფულადი სახსრების უაღრესად სტაბილური ნაკადები გააჩნია, უფრო მეტად არის დაინტერესებული აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნებით, ვიდრე სხვა კომპანიები, რომლებიც კაპიტალს უფრო მეტად ზრდისთვის იყენებს.
- მიმართეთ თქვენი მფლობელობების დივერსიფიკაციას, რათა ზარალი თავიდან აირიდოთ
პასიური შემოსავლის ინვესტიციის მესამე საიდუმლო არის ის, რომ დივერსიფიკაცია აუცილებელი ფაქტორია. გასაგებია რატომაც: თუ მთელ თქვენს პასიურ შემოსავალს ერთი ბიზნესიდან იღებთ და ეს ბიზნესი ნადგურდება ან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება, ძალიან დაზარალდებით. და რადგან დივიდენდების შემცირება ხშირად შემდგომი რთული პერიოდის წინაპირობაა, შესაძლოა, თქვენი ზარალი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდოს.
ასე რომ, მიმართეთ დივერსიფიკაციას, შეარჩიეთ სხვადასხვა ძლიერი კომპანიები და თუ შესაძლებელია, დარწმუნდით, რომ ისინი სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწეობენ და სხვადასხვა ბიზნეს მოდელებს იყენებენ.