ხშირად გაიგონებთ, რომ ინვესტიციების დივერსიფიცირებული ნაზავის შენარჩუნება მზარდი სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე დაგაყენებთ. დივერსიფიცირებულმა საინვესტიციო პორტფელმა ასევე, შეიძლება, საფონდო ბირჟის ვარდნის დროს უფრო დიდი ზარალისგან დაგიცვათ. ამ სტატიაში გაეცნობით 3 შეცდომას, რომელიც პორტფელის დივერსიფიცირების გზაზე უნდა აირიდოთ.
- ზედმეტად ბევრი განსხვავებული აქციის ყიდვა
ზოგადი წესის მიხედვით, კარგი იდეაა ბაზრის რამდენიმე სექტორზე გადანაწილებულ მინიმუმ ათეულ აქციას ფლობდეთ. ზოგიერთი ექსპერტი გეტყვით, რომ 15-30 განსხვავებული აქციის ყიდვა საუკეთესო გზაა.
თუმცა არსებობს ზედმეტად ბევრი განსხვავებული აქციის ფლობის ფენომენიც. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე კონკრეტული შეზღუდვა არ არსებობს, მოდით ვთქვათ, რომ 64 სხვადასხვა აქციის ფლობა ზედმეტად ბევრია.
ზოგადად, კარგია თვალყური ადევნოთ თქვენს საკუთრებაში არსებულ აქციებს, რათა დარწმუნდეთ, რომ მათი წარმადობა მოლოდინს ამართლებს, მაგრამ ზედმეტად ბევრი აქციის შემთხვევაში ამ ამოცანის შესრულება რთულდება. ასე რომ, აუცილებელია ზღვარი შეინარჩუნოთ და გარკვეულ მომენტში თქვათ, რომ საკმარისია.
- ფრაქციული აქციების იგნორირება
წლების განმავლობაში, თუ კონკრეტულ აქციაში ინვესტირება გსურდათ, თქვენი ერთადერთი ვარიანტი მინიმუმ მისი სრული წილის შეძენა იყო (ანუ, ერთი აქციის მაინც). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება ერთი აქციის შესაძენად ფულის დაზოგვის პროცესში უფრო დაბალი ფასების გამოტოვებას ნიშნავდეს.
თუმცა, დღესდღეობით, საბროკერო ანგარიშების მზარდი რაოდენობა ინვესტორებს ფრაქციული აქციების შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ფრაქციული აქციები საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ აქციის ნაწილი, თუ მთლიანი წილის ყიდვის საშუალება ან ერთ აქციაზე დიდი თანხის დახარჯვის სურვილი არ გაქვთ.
ასე რომ, დავუშვათ, გსურთ ინვესტიცია ჩადოთ კომპანიაში, რომლის თითო აქცია $1500 ღირს. თუ თქვენ მხოლოდ $500 გაქვთ, შეგიძლიათ აქციის მესამედი შეიძინოთ და თავიდან აირიდოთ მომავალში აქციის მომატებულ ფასად ყიდვის რისკი.
- ETF-ს იგნორირება
ზოგ ინვესტორს არ მოსწონს ETF, რადგან ფიქრობს, რომ მასში ინვესტირებით, თავის საინვესტიციო პორტფელში შემავალი აქტივების კონტროლზე უარს ამბობს, მაგრამ ETF, რეალურად, დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა.
ფართო ბაზრის ETF-ის საშუალებით, ერთი შესყიდვით, ინვესტიციას კომპანიების მთელ ნაკრებში დებთ. კარგი ის არის, რომ თითოეული აქციის დაკვირვება არ გჭირდებათ, უბრალოდ საჭიროა თქვენ მიერ არჩეულ ETF-ს ადევნოთ თვალი და შეაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება ის თქვენს მოთხოვნებს. ეს არის გაფართოების მარტივი გზა, რომელიც ტვირთს შეგიმსუბუქებთ.
ნამდვილად გონივრულია, სიმდიდრის დაგროვების წლებში და პენსიაზე გასვლის დროსაც, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი შეინარჩუნოთ. იმავდროულად, ამ სტატიაში განხილულ შეცდომებს თავი უნდა აარიდოთ, რათა ხელიდან უფრო მარტივად დივერსიფიცირების შესაძლებლობა არ გაუშვათ.