საბედნიეროდ, არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმისთვის, რომ უფრო ჭკვიანი ინვესტორი გახდეთ და, რაც მთავარია, ამისთვის ზედმეტი შრომა სულაც არ დაგჭირდებათ. ამ სტატიაში მოცემულია ორი მეთოდი, რომელიც ინვესტირების პროცესის გამარტივებაში დაგეხმარებათ.
- ჩართეთ ავტომატური გადახდის ფუნქცია
ინვესტირების გასაადვილებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა მისი ავტომატიზებაა. თქვენს საბროკერო ან საპენსიო ანგარიშზე ფულის ავტომატურად ჩარიცხვა დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, თუ, მაგალითად, თქვენი თვიური შემოსავალი ₾3000-ს შეადგენს და ყოველთვიურად ამ თანხის 20%-ის ინვესტირებას გეგმავთ, ავტომატური გადარიცხვის ფუნქციის ჩართვით, როდესაც ბალანსის შევსებისთანავე ₾600 გარკვეულ ანგარიშზე ავტომატურად ირიცხება, თქვენი გონება ეჩვევა აზრს, რომ თვის ბიუჯეტი ₾2400-ს შეადგენს, რადგან აღნიშნული ₾600 უბრალოდ არ ჩანს. შესაბამისად, დარჩენილი თანხის მთლიან თვეზე გადანაწილება თქვენთვის ფსიქოლოგიურად უფრო ადვილი ხდება.
- გამოიყენეთ საინდექსო ფონდები
ცალკეული კომპანიების კვლევა და მათში ინვესტირება, შეიძლება, რთული და შრომატევადი პროცესი იყოს. სწორედ ეს აქცევს საინდექსო ფონდებს მრავალი ინვესტორისთვის მიმზიდველ ვარიანტად. საინდექსო ფონდი არის ურთიერთდახმარების ფონდის ან ETF-ის ტიპი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ კონკრეტული საბაზრო ინდექსის წარმადობა გაიმეოროს. მაგალითად, S&P 500 შედგება 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიისგან (საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით). S&P 500-ის საინდექსო ფონდი კი ამ 500 კომპანიისგან შედგება და მათ „ნაკვალევს მიჰყვება“.
იქიდან გამომდინარე, რომ საინდექსო ფონდები პასიურად იმართება, მათ ხარჯების დაბალი კოეფიციენტი ახასიათებს. ერთი შეხედვით მცირე პროცენტული სხვაობა, შეიძლება, უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საკმაოდ დიდ სხვაობას გვაძლევს.
გრძელვადიანი ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი წარმატების გასაღები დივერსიფიკაციაა. თქვენი საინვესტიციო პორტფელი მხოლოდ ერთი ან ძალიან ცოტა კომპანიის წარმადობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საინდექსო ფონდებს კი თქვენთვის დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა შეუძლია, რადგან ერთი შეძენით ერთდროულად მრავალ კომპანიაში დებთ ინვესტიციას.