წლების განმავლობაში ჰოლივუდმა ფინანსური სამყაროს შესახებ ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ფილმი გადაიღო. მათი ნახვა სასარგებლოა ყველასთვის, ვინც ამ სფეროში დამწყები ან თუნდაც უკვე გამოცდილია.
დღევანდელ სტატიაში კი 10 ასეთ საუკეთესო ფილმს შემოგთავაზებთ.
- The Big Short (2015)
მაიკლ ლუისის არამხატვრულ წიგნზე — „The Big Short: Inside the Doomsday Machine“ — დაფუძნებული ფილმი გვიყვება რამდენიმე ჭკვიანი ტრეიდერის შესახებ, რომლებიც სხვებზე ადრე აღმოაჩენენ საბინაო ბაზრის ბუშტს1, რასაც 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი მოჰყვა.
ფილმი ასევე ცნობილია იმით, რომ მასში ოსტატურად არის ახსნილი რთული ფინანსური ინსტრუმენტები.
- Barbarians at the Gate (1993)
1993 გადაღებული ეს ფილმი ასახავს RJR Nabisco-ს საკონტროლო პაკეტის შესყიდვას კრედიტის დახმარებით (LBO). ის დაფუძნებულია ბრაიან ბაროუსა და ჯონ ჰელიარის ამავე სახელწოდების წიგნზე, რომელიც 1989 წელს გამოვიდა. ფილმში, ამ რეალური მოვლენის აღსაწერად, გამოყენებულია გარკვეული შემოქმედებითი თავისუფლება. შესაძლოა, მაყურებელი შოკირებული დარჩეს ამ ცნობილი LBO-ს ირგვლივ კულისებში მიმდინარე მოლაპარაკებებით.
- American Psycho (2000)
ბრეტ ისტონ ელისის რომანის მიხედვით გადაღებულ და კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ამ ძალადობრივ, დამაფიქრებელ ფილმში მოვლენები ფინანსური სამყაროს ფონზე ვითარდება. ცნობილი მსახიობი — კრისტიან ბეილი განასახიერებს მდიდარ საინვესტიციო ბანკირს, რომელიც ბნელ საიდუმლოს ინახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმში რეალურად მცირე აქცენტია ფინანსურ სამყაროზე, American Psycho ნათელს ჰფენს ფინანსური ინდუსტრიის ელიტარული კლასით დასახლებულ სიურრეალისტურ სამყაროს და რეალობისგან მათ აბსოლუტურ მოწყვეტილობას.
- Glengarry Glen Ross (1992)
დევიდ მამეტის პიესის აღიარებული ადაპტაცია დიდ ეკრანზე. ეს ცნობილი ფილმი ფოკუსირებულია უძრავი ქონების დაჩაგრული გამყიდველების გუნდზე, რომელთა ზნეობრიობა, არაკეთილსინდისიერ კომპანიაში წლობით მუშაობის შემდეგ, სრულიად დაირღვა.
ფილმი წარმოაჩენს გაუმაძღრობასა და არაპატიოსან ტაქტიკებს, რომლებსაც შეიძლება ფინანსური პროდუქტების გამყიდველები დაექვემდებარონ.
მთელი სამსახიობო ჯგუფი უმაღლესი დონისაა, ხოლო ალეკ ბოლდუინის მოტივაციური გამოსვლა ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. ის ასახავს ფინანსურ ინდუსტრიაში უზარმაზარი სტრესის პირობებში მუშაობის საუკეთესო და ყველაზე ცუდ ასპექტებს.
- Rogue Trader (1999)
ეს ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას ტრეიდერის — ნიკ ლისონის შესახებ, რომელმაც მარტომ გამოიწვია მსოფლიოში მეორე უძველესი სავაჭრო ბანკის — Barings Bank-ის გაკოტრება.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გასართობია, თავად ლისონის ისტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან გაკვეთილს რისკის მართვისა და ფინანსური ზედამხედველობის შესახებ.
- Enron: The Smartest Guys in the Room (2005)
მართალია, მოვლენები, რომლებიც ამ დოკუმენტურ ფილმშია აღწერილი, 20 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, მაგრამ მათ ჯერ კიდევ გააჩნია შოკისმომგვრელი ძალა. ამავე სახელწოდების ბესტსელერ წიგნზე დაფუძნებული ფილმი ეყრდნობა ვიდეო კადრებს, კონგრესის მოსმენების ჩვენებებს და ინტერვიუებს, რომლებიც ფარდას ხდის Enron-ის აღმასრულებლების მიერ გამოყენებულ თაღლითურ სქემას.
- The Wolf of Wall Street (2013)
მარტინ სკორსეზეს მიერ გადაღებული ეს ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ცნობილი თაღლითის — ჯორდან ბელფორტის აღზევებისა და დაცემის ისტორიას. ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯონა ჰილი ასრულებენ.
The Wolf of Wall Street ფილმი მოგვითხრობს over-the-counter2 საბროკერო ფირმაზე და მის pump-and-dump3 სქემაზე, რომელმაც 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების განმავლობაში ხელი შეუწყო რამდენიმე მსხვილი საჯარო კომპანიის IPO4-ს.
- Boiler Room (2000)
მაშინ, როცა Barbarians at the Gate-ში მოვლენები კორპორატიული სხდომათა დარბაზის ბრწყინვალებაში ვითარდება, Boiler Room ფინანსური ფირმის აბსოლუტურ ყველაზე დაბალ საფეხურზეა განთავსებული.
ეს ფინანსური ფილმი გვასწავლის, რომ ფული უნდა დავაბანდოთ გამჭვირვალე, მყარ კომპანიებში და ინვესტიცია ბიზნესის ჯანსაღ საფუძვლებზე დაყრდნობით განვახორციელოთ.
- Margin Call (2011)
ალბათ, ეს ამ სიაში ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე ზუსტი ფილმია. Margin Call-ში მოვლენები ვითარდება 24 საათის განმავლობაში უოლ სტრიტის ფირმის ცხოვრებაში, რომელიც კატასტროფის ზღვარზეა.
Margin Call აშკარად გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას ზოგიერთი უმსხვილესი ბანკის მიერ გაწეული დაუფიქრებელი რისკების მიმართ, რაც წინ უძღოდა 2008 წლის ფინანსურ კრიზისს.
ფილმის ერთ-ერთ გამორჩეულ სცენაში ორი მთავარი პერსონაჟი საურობს კატასტროფაზე, რომელიც მალე განხორციელდება და გავლენას იქონიებს არა მხოლოდ მათ ფირმაზე, არამედ მთლიან ფინანსურ საზოგადოებაზე.
- Wall Street (1987)
ერთ-ერთი ფინანსური ფილმი, რომელიც ამ სფეროს ყველა პროფესიონალმა უნდა ნახოს არის ოლივერ სტოუნის კლასიკა — Wall Street.
თავდაპირველად ფინანსებთან დაკავშირებული ექსცესების და ჰედონიზმის წარმოსაჩენად შექმნილი Wall Street, გადაღებიდან თითქმის 30 წლის შემდეგაც კი ადამიანებში ფინანსური სამყაროსადმი დიდ ინტერესს აღძრავს.
[1] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.
[2] Over-the-counter (OTC) ფასიანი ქაღალდები არ გვხვდება აშშ-ის მთავარ ბირჟებზე და მათით ვაჭრობა შეიძლება ბროკერების-დილერების ქსელის მეშვეობით.
[3] მანიპულაციური სქემა, რომლის მიზანიც არის ფასიანი ქაღალდების ფასის გაზრდა ყალბი რეკომენდაციების საშუალებით.
[4] პირველადი საჯარო შეთავაზება — როდესაც კერძო კომპანია პირველად ყიდის აქციებს საჯაროდ.